ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია და როგორც აღმოჩნდა, იგი სულ მალე "დუისბურგში" გადავა. აქვე გეტყვით, რომ გერმანული კლუბი მეორე ბუნდესლიგაში გამოდის და ამ კლუბში უკვე თამაშობს ქართველი მცველი ლაშა დვალი, რომელსაც დებიუტი უკვე ჰქონდა, როდესაც "ზებრები" ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ლიეჟის "სტანდარდს", რომელსაც სახელგანთქმული ბელგიელი სპეციალისტი და წარსულში შესანიშნავი მარჯვენა მცველი ერიკ გერეტსი წვრთნის. ბელგიელებმა 3:1 მოიგეს, დვალმა კი მინდორზე მთელი მეორე ტაიმი გაატარა.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურიაც კარიერას სწორედ ამ გერმანულ კლუბში გააგრძელებს, ამაზე თავად ფეხბურთელმა განაცხადა. ბოლოს ჭანტურია რუმინულ "კლუჟში" ირჯებოდა. ვიდრე "დუისბურგის" ვარიანტი გამოჩნდებოდა, მის გადაბირებას იტალიური სერია A-ს კლუბები - "ემპოლი", "ბოლონია" და "ფროზინონე" ცდილობდნენ.




