ქართველი გულშემატკივრებისთვის უეფას ევროპის სუპერთასზე დასასწრები ბილეთები biletebi.ge-ზე 30 ივნისს თბილისის დროით 9:00 საათიდან გაიყიდება. ქართველი ქომაგებისთვის 24 000 ბილეთია გამოყოფილი. დარჩენილი 6 000 ბილეთი, რომლებიც უცხოელი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი, 1 ივლისს ევროპის დროით 9:00 საათზე (თბილისის დროით 11:00 საათზე) ასევე biletebi.ge -ზე გაიყიდება.
"უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და biletebi.ge -ს შორის მიღწეულია სამმხრივი ხელშეკრულება და უეფამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ ქართველი გულშემატკივრებისთვის 24 000 ბილეთი გაიყიდოს. ქართველი ქომაგებისთვის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს დილის 9:00 საატზე biletebi.ge -ზე დაიწყება. 1 ივლისს biletebi.ge ევროპის დროით 9:00 საათზე ბილეთებს ევროპელებისთვის გაყიდის. იქნება ლატარეეის პრინციპი და საიტზე შესვლისას მოგენიჭებათ რიგი, რომელსაც უნდა დაელოდოთ. " - თქვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება biletebi.ge-ს წარმომადგენლებს, კომენტარი გააკეთა საიტის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმაც...
"მომხმარებელი გაივლის პირველ გაფილტვრას, ჩადგება რიგში. წუთში 50 მოქალაქეს შეეძლება ბილეთის შეძენა. ეს მონაცემები შეიძლება ან ავწიოთ, ან დავწიოთ. უეფა მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგა და ტექნოლოგიურად დაგვეხმარა. მისი მხრიდან სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ კუთვნილი 45 000 ევრო არ ჩაგვრიცხვია. ჩვენი საიტის დაცვა არის სერიოზული, მომხმარებელმა რამდენჯერაც არ უნდა განაახლოს საიტი, მაინც რიგში ჩადგომა მოუწევს."




